вторник, 30 марта 2010 г.

Ferrari სამშობლოს სახელით



იტალიური კომპანიის კონსტრუქტორები თავიანთი მოდელების წარმომავლობას მხოლოდ დიზაინით, ტექნიკით ან ტემპერამენტით კი არა, მათი სახელწოდებითაც
უსვამენ ხაზს. ასე მოევლინა ავტოსამყაროს "ფერარის" მოდელები: Enzo, Maranello, Modena, Testarossa, Fiorano... მაგრამ ახალი მოდელისთვის სახელის შერჩევაზე, რომელმაც F- 430-ის ადგილი უნდა დაიკავოს, იტალიელებს ბევრი ფიქრი აღარ დაუწყიათ და მას Ferrari 458 Italia უწოდეს. აქამდე, აპენინის ნახევარკუნძულზე დამზადებულ სუპერკარებს ასე აშკარად არასდროს გაუსვამთ ხაზი საკუთარი წარმომავლობისთვის.
ბუნებრივია, რომ ასეთი სახელის მქონე მოდელზე მუშაობისას იტალიელმა კონსტრუქტორებმა განსაკუთრებულად მოინდომეს. Italia მართლაც ფანტასტიკური დიზაინით გამოირჩევა და წინამორბედისგან, უკანა მაშუქების გარდა, ზომებითა და სიმძლავრითაც განსხვავდება. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი მოდელი F-430-ზე მოკლეა, სინამდვილეში კი, ის 15 მმ-ით გრძელი და 14 მმ-ით ფართოა. ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ სტაბილიზაციის ახალი სისტემით F1-თრაც და ბლოკირებადი დიფერენციალით E-Diff3, რომლებიც ისევ ერთობლივად და გაცილებით ეფექტურად მოქმედებენ. ახალია ძრავაც: 4,5 ლიტრი სამუშაო მოცულობის ძრავას 570ცხ/ძალის განვითარება შეუძლია (წინამორბედის მაქსიმუმი 490 "ცხენი" იყო), 100 კმ/სთ-ს კი, 4 წამის ნაცვლად, ახლა უკვე 3,4 წამში კრეფს... შემცირებულია ავტომანქანის წონაც - 1380 კგ-იანი "458" წინამორბედზე 70 კგ-ით მსუბუქია, რაც საწვავის ხარჯზეც აისახა: Ferrari 458 Italia შერეულ ციკლში 100 კმ-ზე, სულ რაღაც, 13,7 ლიტრ ბენზინს მოითხოვს, მაშინ, როცა F430 - 18,3 ლიტრს ხაპავდა...

Комментариев нет:

Отправить комментарий